თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, რომელიც საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობის დაშლის მთავარი მოქმედი გმირია, კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა. "როცა ბევრი შიხიაშვილი დაგიგროვდება, ცხადია, ადრე თუ გვიან წააგებ" - განაცხადა გიგი უგულავამ "კვირის პალიტრასთან" (# 19) ინტერვიუში. რას პასუხობს მას ირაკლი შიხიაშვილი, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:
- დიდ პიარს მიკეთებს "ნაციონალური მოძრაობა", ამისთვის "მადლობა" უნდა გადავუხადო. გიგი უგულავა კიდევ ბედავს საზოგადოების სახელით ლაპარაკს? ეს ის კაცია, რომელმაც ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი მოიპარა და ახლა ურცხვად აცხადებს, არაფერ შუაში ვარო. ეს მილიონები რომ მოპარულია, თავისი ჩვენებით ზურაბ ადეიშვილმა დაამტკიცა, თუმცა ისიც უტიფრად ტყუის, როცა ამბობს, უგულავამ არაფერი იცოდაო. არადა, ჭკუათამყოფელი ადამიანი დაიჯერებს, რომ მერიის სტრუქტურიდან ისე შევიდა პარტიაში ფული, რომ უგულავამ არ იცოდა?! როგორც გველი იცვლის ტყავს, ისე ცდილობენ ესენიც შეცვლას... გამოდიან და ბოდიშს იხდიან, იმავე წუთს კი იაპონური მამალივით სხვას ახტებიან და დანაშაულების გადაბრალებას ცდილობენ. ქვეყანა ფასადური პოლიტიკით ჭაობში ჩაფლეს, დღეს კი უსინდისოდ გაიძახიან, - ავამუშაოთო. ერთი ადამიანი შემოვედი საკრებულოში და უგულავას ერთპიროვნული მმართველობა და ბიუჯეტის თავის ჭკუაზე ხარჯვა შევაწყვეტინე, თუმცა მერიაში კვლავაც ჰყავთ სევდია უგრეხელიძე, ირაკლი აბესაძე, კიდევ რამდენიმე კაცი, რომლებიც მონურ მორჩილებას უცხადებენ და კვლავაც უსიტყვოდ ასრულებენ მის ბრძანებებს.
- ბოლო საქმე, რომელზეც გიგი უგულავა პროკურატურამ დაჰკითხა, "სითი პარკის" თემაა. ვიცი, რომ ამ საკითხზე საკრებულოს სარევიზიო კომისიაც მუშაობდა, რა გაარკვიეთ?
- ამ თემაზე კომისიის სხდომა ჯერ არ ჩატარებულა, ამიტომ სრულყოფილ ინფორმაციას არ ვფლობ. გარდა ამისა, მერიის სამსახურების მიერ კანონის დარღვევის 12 ფაქტზე მომზადებული დასკვნები სამართალდამცავ ორგანოებს უკვე გაეგზავნა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არასდროს ვყოფილვარ, მათი სურვილი იყო და დამასახელეს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად, ასე გავხდი საკრებულოს წევრი. ასე რომ, "ნაცმოძრაობას" კი არ ვუღალატე, მისი ფრაქცია საკრებულოში 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე კარგა ხნით ადრე დავტოვე.
- 2012 წლის 27 სექტემბერს, ანუ სულ რამდენიმე დღით ადრე...
- ეგ, როცა ხმამაღლა ვთქვი. ისე, ცხრა თვით ადრე დავტოვე.…
- ამდენ ხანს რატომ იყავით ჩუმად?
- ჩუმად კი არ ვიყავი, ვმუშაობდი...
- ანუ არჩევნებამდე ცხრა თვით ადრე უკვე "ქართულ ოცნებაზე" მუშაობდით?
- რა თქმა უნდა. ვმუშაობდი საკრებულოს გარეთაც და შიგნითაც. უკვე მქონდა იმ ადამიანების სია, ვინც დატოვებდა "ნაცმოძრაობას" და შედეგად უმრავლესობა აღარ ეყოლებოდათ. თავიდან ამ ყველაფრის წამოწევა არ ღირდა, რისკი მაღალი იყო - შეიძლება ბევრი ადამიანი გაუბედურებულიყო არჩევნების სხვა შედეგით დასრულების შემთხვევაში.
გაიხსენოს უგულავამ, როდის და როგორ ხაოდა, როგორმე შიხიაშვილი გააჩერეთო. ეს 26 სექტემბერს იყო, როცა გაიგეს, რომ მეორე დილით ბიძინა ივანიშვილს ვხვდებოდი და განცხადების გაკეთებასაც ვგეგმავდი. მოკლედ, არჩევნებამდე ცხრა თვით ადრე არაოფიციალურად დავტოვე "ნაცმოძრაობა", მაინცდამაინც არც მანამდე ვახდენდი პარტიასთან იდენტიფიცირებას.
- როგორ არა, სხვა თუ არაფერი, კარგად გვახსოვს 2011 წლის 26 მაისის თქვენეული შეფასება...
- 26 მაისს "ნაცმოძრაობას" კი არა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას დავუჭირე მხარი. დავინახე, რომ საფრთხე ექმნებოდა ქვეყანას.
- ვის უქმნიდა საფრთხეს ის ხალხი, ვინც იქ იმ ღამეს იდგა?
- საფრთხეს უქმნიდა პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობა. კადრები "პაკლონაია გორაზე" ბურჯანაძის მონაწილეობით, თქვენც გაქვთ ნანახი და - მეც.