ირინა ონაშვილს "ორმა ვარსკვლავმა" ძველი დიდება დაუბრუნა - "ახლა ისეთივე ემოცია მაქვს, როგორც მაშინ, "მის საქართველო" რომ გავხდი"

ირინა ონაშვილს "ორმა ვარსკვლავმა" ძველი დიდება დაუბრუნა - "ახლა ისეთივე ემოცია მაქვს, როგორც მაშინ, "მის საქართველო" რომ გავხდი"

"მის საქართველო 2003" - ირინა ონაშვილმა ბოლო დროს თავი სიმღერითაც გამოიჩინა. ის "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობს და თამამად შეიძლება თქმა, რომ სიმღერა გამოუვიდა. დიახ, მასთან ბევრი კონკურსანტი ახლოს ვერ მოვა, ამას ჟიურიც და ხალხიც აღიარებს. სხვადასხვა ჟანრში მოსინჯა ძალები და საინტერესო ნამუშევრები შექმნა. ამ ყველაფერმა კი იმაზე მეტი ფანი გაუჩინა, ვიდრე აქამდე ჰყავდა.

"ამბები.გე" პირველ "მის საქართველოს" არა მოდაზე, არამედ "ორ ვარსკვლავზე" და ამ პროექტში მის მონაწილეობაზე გაესაუბრა.

- ირინა, ხმამაღალი ნათქვამი არ არის, ფაქტია, რომ ერთ-ერთი გამოკვეთილი კონკურსანტი ხარ... ვფიქრობ, ამ შოუმ შენი შესაძლებლობების გამოვლენას მაქსიმალურად შეუწყო ხელი. რას იტყვი?

- ალბათ გარკვეულ წილად გამოვავლინე ჩემი შესაძლებლობები, მაგრამ კომპლექსებისა და ჩემი მორიდების გამო, ვფიქრობ, რომ მაინც არ არის ეს ჩემი მაქსიმუმი, სცენაზე დგომას და სიმღერას კიდევ სხვა ნიჭი და უნარი სჭირდება, მით უმეტეს, როცა საცეკვაო ნომერიც გაქვს წარმოსადგენი. ეს ურთულესი რამ არის, რაზეც ცნობილი მომღერლები წლობით ვარჯიშობენ...

- წარმოიდგენდი, რომ პროექტში ამდენ ხანს დარჩებოდი და შენი სიმღერით ამდენ ადამიანს მოხიბლავდი?

- კი, რატომაც არა... პირველი და მეორე კონკურსის შემდეგ ობიექტურად ვაფასებდი საკუთარ თავს...

- როგორ ახერხებ, ნებისმიერი ჟანრის ნამუშევრის თითქმის თანაბარ ხარისხში სწავლას და მერე საზოგადოებისთვის წარდგენას?

- ვამბობდი, რომ პროექტში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მხოლოდ ის მიკვირდა, სხვადასხვა ჟანრის სიმღერის ასე შესრულებას როგორ ვახერხებდი. ეს ალბათ იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ჩვენთან ერთად, დაუღალავად შრომობს და შემდეგ არის უკვე ჩემი მონდომება...

- ფანები არც მანამდე გაკლდა, მაგრამ მგონი, ამ პროექტმა მეტი შეგძინა. არ მეთანხმები?

- ფანებით ბავშვობიდან განებივრებული ვარ, - ადამიანების მხრიდან ჩემ მიმართ დადებითი ემოციების გამოხატვა, მართლა ძალიან სასიამოვნოა. ჩემს "ფეისბუქზე" ახლაც იგივე ხდება, რაც იმ პერიოდში ხდებოდა, "მის საქართველო" რომ გავხდი. ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, უამრავ თბილ წერილს მიგზავნიან.

- მოკლედ, შოუმ ძველი დიდება დაგიბრუნა... როგორ გაფასებენ მეუღლე და შვილი?

- საბა ჯერ 2 წლის არის და კონცერტებზე ვერ დამყავს, რადგანაც გვიან მთავრდება. ამიტომ ხან ტელევიზიით მიყურებს და ხან მაგ დროს უკვე სძინავს, მაგრამ ალბათ დედა უფრო გვერდით უნდა საბას, ვიდრე "ტელევიზორში". რაც შეეხება ლადოს, ძალიან მოსწონს და ჩემი გამოსვლებით კმაყოფილია...

- პარტნიორშიც გაგიმართლა. კარგი მეწყვილე (გიორგი მახარაშვილი) შეგხვდა.

- კი, ჩვენი ხმები ერთმანეთს მოუხდა. გიორგი ნიჭიერი ახალგაზრდაა და მიმაჩნია, რომ ძალიან წარმატებული მომავალი ელოდება...

- ამ შოუში რა გეადვილება და გეძნელება?

- ჩემთვის აქ ყველაფერი რთულია, - ახალი სიმღერის სწავლა, მისი ტექსტი, დადგმა, ჩაცმა... ეს ყველაფერი დიდ ენერგიასა და შრომას მოითხოვს. ასე რომ, არაფერი არ არის ადვილი, რასაც პასუხისმგებლობით ეკიდები.

- რა მოლოდინი გაქვს? გაიმარჯვებ?

- მიუხედავად იმისა, გავალ თუ არა ფინალში, მაინც კმაყოფილი ვარ, თუნდაც იმით, რომ ამდენ საყვარელ და ნიჭიერ ადამიანებთან დავმეგობრდი, ეს პერიოდი ყოველთვის კარგად გამახსენდება. ამ შოუმ ცხოვრება გამიხალისა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება