გაუსაძლისი პირობები დევნილთა ახლადგარემონტებულ საცხოვრებლებში

გაუსაძლისი პირობები დევნილთა ახლადგარემონტებულ საცხოვრებლებში

სოკოთი დაფარული "გიფსოკარდონის" ტიხრები, 15-20 სანტიმეტრით ამობურცული ლამინატის იატაკი, ანჯამიდან ამოვარდნილი კარები, ჩამოცვენილი მოსაპირკეთებელი მასალა, კომუნისტების დროს დაგებული და აწ უკვე ამოყრილი ფილები დერეფანში და სარდაფში დაგროვილი წყალი - ეს ის პირობებია, რაც დევნილებისთვის გადაცემულ ახლადგარემონტებულ საცხოვრებელ ფართებშია შექმნილი.

კოალიცია "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" დევნილთა საკითხების კოორდინატორ მამუკა აჩბას ინფორმაციით, ამ საცხოვრებელ სახლებში შიდა რემონტთან ერთად გაფუჭებულია გარე ფასადიც, რომელიც ერთი ხელის შეხებითაც კი იფშვნება.

აღსანიშნავია, რომ ამ საცხოვრებლების რეაბილიტაციისთვის მილიონობით თანხებია დახარჯული, რაშიც წვლილი საერთაშორისო დონორებსაც მიუძღვით. საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია/მშენებლობა წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს დაიწყო და იგი დღემდე გრძელდება.

- როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ საცხოვრებლი უხარისხოდ აშენდა, ბინების რემონტი უკვე გაფუჭებულია, ვისი დანაშაული იკვეთება - წინა ხელისუფლების თუ ახლანდელის?

- როცა ჩვენ ვსაუბრობთ დევნილთა გაუსაძლის პირობებზე, რეაბილიტირებულ და ახალგადაცემულ საცხოვრებელ ფართებზე, ზუსტად რომ იკვეთება ორივე მთავრობის დანაშაული. თუ ზოგიერთი პროექტი იმ ხელისუფლების დროს დაიწყო და დაამთავრა ან გადასცა ამ მთავრობამ, მაშინ თვითონვე რატომ არ მოთხოვეს პროექტის დამწყებებს პასუხი უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე? ე.ი. გამოდის რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მაღალ თანამდებობებზე შეიცვალნენ მხოლოდ პიროვნებები და არა მიდგომები დევნილთა საკითხებისა და პრობლემების მიმართ.

- როცა ამბობთ, რომ სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული, გულისხმობთ მშენებლობის ხარისხს, თუ შიდა რემონტს (ბინის კოსმეტიკურ რემონტს)?

- არა მხოლოდ შიდა კოსმეტიკური რემონტი. ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, გარეთ, ფასადებიდან ჩამოცვენილი სამშენებლო მასალა, რომელიც ხელით შეხებისას იფშვნება, რაც ცემენტის ნაკლებობაზე მიუთითებს, ზოგ ჩასახლებებში სარდაფები სავსეა წყლით.

- როცა სახელმწიფო უსასყიდლოდ გაძლევს ბინას, სადაც საცხოვრებლად პირველადი პირობები შექმნილია, ცოტა უხერხული ხომ არ გგონიათ იმის კრიტიკა, რომ შიდა რემონტი უხარისხოდაა გაკეთებული?

- ჩემის აზრით, აქ მხოლოდ უსასყიდლოდ გადაცემულ ბინებზე არ უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული. ამ შემთხვევაში საუბარია უაზროდ გადაყრილ მილიონობით ლარზე, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ბიუჯეტიდან შემოდის. ახლა კი მოდით დავაკონკრეტოთ, რას ნიშნავს საცხოვრებლად პირველადი პირობების შექმნა, ესაა ცარიელი კედლები, უმეტეს შემთხვევაში ტიხრები გაკეთებულია "გიფსოკარდონისგან" (რის გამოც, მცირეწლოვან ბავშვებს ოთახში თამაშის უფლებას არ აძლევენ უფროსები, რათა არ დაეჯახონ ამ კედლებს და შემთხვევით მეზობლის ბინაში არ აღმოჩნდნენ), რომელიც უმოკლეს ხანში სოკოსებრი წარმონაქმნით იფარება, დაგებულია ლამინატის იატაკი, რომელიც იმდენადაა ამობურცულ-გაფუჭებული(ზოგან 15-20 სმ.- ზე), რომ ზედ სიარული არ შეიძლება, შესასვლელი კარები ისე უხარისხოდაა დამონტაჟებული, რომ ზოგ ადგილებში ან არ იკეტება, ან საერთოდ ანჯამებიდან ვარდება და არანაირ რემონტს არ ექვემდებარება, სველი წერტილებიდან თითქმის ყველგან ერთდროულადაა ჩამოცვენილი მოსაპირკეთებელი მასალა, რომლის მეორე მხარეს ნათლად ეტყობა ბათქაშის აშკარა ნაკლებობა, დერეფნის იატაკი საერთოდ მიტოვებულია ყოველგვარი რემონტის გარეშე და კომუნისტების დროს დაგებული და აწ უკვე ამოყრილი ფილები გადაადგილებისას ტრამვის მიღების საშიშროებას ქმნის. ასევე ტრიალებს საშინელი, გაუსაძლისი სუნი, რომელიც არ ნიავდება და რაც მთავარია, სარდაფის გარდა არც ერთ სართულს არ მიეწოდება სასმელი წყალი (თეთრიწყარო, ყოფილი საავადმყოფოს შენობა). აი სწორედ ამ ჩასახლებიდან, კოალიცია "ბურჯანაძე - გაერთიანებულმა ოპოზიციამ" დაგეგმა საგანგებო ბრიფინგი, რომელიც არც ერთმა მედიასაშუალებამ არ გააშუქა, სავარაუდოდ მსგავსი ფაქტების საზოგადოებისთვის დამალვის მიზნით.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია