"საზოგადოებრივი მორალის დაცვა" - რას ნიშნავს ახალი ჩანაწერი ანტიდისკრიმინაციულ კანონში

"საზოგადოებრივი მორალის დაცვა" - რას ნიშნავს ახალი ჩანაწერი ანტიდისკრიმინაციულ კანონში

"საზოგადოებრივი მორალის დაცვა" პირის შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი იქნება და ასეთი ქმედება დისკრიმინაციად არ ჩაითვლება.

"საზოგადოებრივი მორალის დაცვის" ცნება ანტიდისკრიმინაციულ პროექტში მისი მუხლობრივი განხილვის დროს ჩაიდო, რაც თავის მხრივ სასულიერო პირების მოთხოვნების და მოსაზრებების გათვალისწინებით მოხდა.

როგორც ცნობილია, კანონის მთავარი მიზანია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და თანასწორუფლებიანობა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ან სხვა ნიშნის მიუხედავად. სასულიერო პირებისა და მათი მრევლის აღშფოთებას აღნიშნულ ჩამონათვალში "სექსუალური ორიენტაციის" და "გენდერული იდენტობის" პუნქტების არსებობა იწვევს, რაც მათივე აზრით, "ცოდვისა და უზნეობის დაკანონებას ნიშნავს".

სწორედ ამ მოსაზრებების გათვალისწინებით მმართველმა გუნდმა კანონპროექტის მეორე მუხლის მეორე პუნქტის კორექტირების გადაწყვეტილება მიიღო და კანონპროექტში ასეთი შინაარსის ჩანაწერი ჩადო: - პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა, ან პირობების შექმნა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას, რომელიმე ნიშნის გამო, პირს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორი პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ლეგიტიმულ მიზანს ემსახურება, მათ შორის საზოგადოებრივი მორალის დაცვას, გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერი ასეთი მიზნის მისაღწევად.

როგორც ამ ცვლილებასთან დაკავშირებით მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განმარტა, "საზოგადოებრივი მორალის დაცვის" ცნებას "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი" იცნობს, საზოგადოებრივი ზნეობის დარვევის ქმედება ადმინისტრაციულ სახდელს ექვემდებარება და ამით ანტიდისკრიმინაციულ კანონში რაიმე ახალი ცნების შემოღება არ ხდება.

გარდა ამისა, ანტიდისკრიმინაციული პროექტიდან შევიწროვებასთან დაკავშირებული პუნქტიც ამოიღეს. საუბარია კანონპროექტის ჩანაწერზე, რომელიც იმას ითვალისწინებდა, რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს იმ პირთა შევიწროვება, რომელთა მიმართ არსებობს მტრული, დამამცირებელი, დამაშინებელი, ღირსების შემლახავი, ან სხვა სახის შეურაცხმყოფელი გარემო.

ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განმარტა, რომ აღნიშნული პუნქტი იყო მეტისმეტად ბუნდოვანი, იძლეოდა სხვადასხვა ტიპის ინტერპრეტირების საშუალებას და კანონის განსჭვრეტადობის პრინციპიდან გამომდინარე, მიწანშეწონილად ჩაითვალა კანონიდან მისი ამოღება. იგივე დაადასტურა შალვა თადუმაძემ.

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას კი გადაწყდა, რომ მასში არ იქნება ჩანაწერი, რომელიც კანონის მოქმედების სფეროს აკონკრეტებდა. "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" პროექტში აღარ წერია მუხლი, რომელიც ამბობდა, რომ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მათ შორის, როგორებიცაა: - დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა და შრომითი ურთიერთობა; პროფესიული გადამზადება და ტრენინგი; სოციალური დაცვა და ჯანდაცვა; სკოლამდელი აღზრდა, განათლება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და სწავლის პროცესი; მეცნიერება; კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობა; არჩევნები; საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა; საჯარო ინფორმაცია და მედია; მართლმსაჯულება; სამართალდაცვა და სასჯელაღსრულება; თავდაცვა; საქონლისა და მომსახურების, მათ შორის სახელმწიფო სერვისების მიწოდება და მათით სარგებლობა; საზოგადებრივი ადგილებით სარგებლობა; საცხოვრისით სარგებლობა; მეწარმეობა და საბანკო საქმე; ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა; ტრასნპორტი და ინფრასტრუქტურა; ტურიზმი და სპორტი.

საკანონმდებლო პაკეტს დღეს პარლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცებს.

ნათია ინაური, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა