რა სიახლეებია მოსალოდნელი თბილისის საბავშვო ბაღებში და როდის დაიწყება რეგისტრაციის პროცესი

რა სიახლეებია მოსალოდნელი თბილისის საბავშვო ბაღებში და როდის დაიწყება რეგისტრაციის პროცესი

თბილისის საბავშვო ბაღებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟების პროცესი მიმდინარეობს. ასევე, დაგეგმილია ბაღების თანამედროვე ღობით შემოსაზღვრა. გარდა ამისა, ზაფხულში სამი ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა იგეგმება, რომლებიც სავარაუდოდ, მომავალი წლის თებერვალ-მარტში დასრულდება.

კიდევ რა სიახლეებია მოსალოდნელი თბილისის საბავშვო ბაღებში და როდის დაიწყება რეგისტრაციის პროცესი - ამ საკითხებზე Ambebi.ge საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს რამაზ სულამანიძეს ესაუბრა.

- თბილისში სამი ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება. დაგეგმილია სამი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მოსკოვის გამზირზე (დანგრეული ბაღის ტერიტორიაზე), ნაძალადევის რაიონში (ყოფილი რკინიგზის ბაღი, მანჯგალაძის ქუჩაზე) და ისანში (მე-8 ლეგიონის დასახლებაში დანგრეული ბაღის ტერიტორიაზე).ნაძალადევში, მანჯგალაძის ქუჩაზე მდებარე ბაღი მძიმე ავარიულია, იქ ბავშვების შეშვება არ შეიძლება, დაინგრევა და თავიდან აშენდება. სამივე ბაღი ისეთ გეოგრაფიულ არეალშია, სადაც ბაღებზე დიდი მოთხოვნაა. ახალი ბაღების მშენებლობა ტენდერის დასრულების შემდეგ ზაფხულში დაიწყება, მათი დასრულება ახალ სასწავლო წლამდე ვერ მოესწრება, თუმცა მომავალი წლისთვის, სავარაუდოდ, თებერვალ - მარტს ახალი ბაღებით შევხვდებით. ახალი ბაღებიც მერიის ბალანსზე, სააგენტოს დაქვემდებარებაში იქნება.

სერიოზული პრობლემას წარმოადგენდა ასევე ბაღების 80 %-ში ღობეების არარსებობა. ამასთან დაკავშირებით სერიოზული მოთხოვნა იყო მშობლებისგან და ბაღების ადმინისტრაციისგან, რადგან იმართებოდა პიკნიკები, სხვადასხვა კატეგორიის ადამიანების თავშეყრის ადგილები იყო. ტენდერი დასრულდა და ყველა ბაღი თანამედროვე ღობით აღიჭურვება. სამუშაოები უკვე დაიწყო. დაახლოებით 70 ბაღი ერთნაირი ღობით აღიჭურვება.

გარდა ამისა, იგეგმება ვაუჩერიზაცია, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, ალბათ მერიაში ახალ ხელმძღვანელობასთან მოხდება შეთანხმება. ეს არის პროექტი, რომელიც აქამდე განიხილებოდა და დღის წესრიგშია. აღნიშნული პროექტი ყველა ბავშვისთვის, მათ შორის, კერძო ბაღების აღსაზრდელებისთვის ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რათა ბაღის გარეშე თბილისში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს. დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბაღებში 50 000-მდე ბავშვის დატევა არის შესაძლებელი. იმის გამო, რომ ბავშვი არ დარჩეს ბაღის გარეშე, კერძო ბაღებშიც შესაძლებელია მათ ვაუჩერი წაყვეს.

- რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი?

- ეს ჯერჯერობით პროექტია. კონკრეტული თანხა ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა სამუშაო ვარიანტი არსებობს. შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

- იქნება თუ არა ვაუჩერის ოდენობა ფიქსირებული განურჩევლად თბილისის რაიონისა, ყველა ერთი და იმავე ოდენობის ვაუჩერს მიიღებს?

- დიახ. ასეთი გეგმაა. ეს არის პროექტი, რომელიც არჩევნების შემდეგ ახალ ხელმძღვანელობასთან უნდა შეთანხმდეს და შემდეგ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. პროექტის სამუშაო ვერსიაში განსაზღვრულია, რომ ბავშვები, რომლებიც მერიის დაქვემდებარებულ ბაღებში იღებენ დაფინანსებას, ეს თანხა ასევე მიეცეთ მათაც, ვინც ვერ ხვდება ბაღებში, ობიექტური მიზეზების გამო, რადგან ადგილები არ არის. შესაძლებელია მათ სახელმწიფოს დაფინანსება წაიღონ კერძო ბაღებში. ბუნებრივია, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მათთვისაც.

- შესაძლებელია სახელმწიფო ბაღებში თავისუფალი ადგილები იყოს, თუმცა მშობელს მაინც სურდეს, შვილი კერძო ბაღში ატაროს. ასეთ შემთხვევაშიც მისცემთ მათ ვაუჩერს?

- რა თქმა უნდა. პრინციპი მარტივია – ყველა ბავშვის თანაბარ პირობებში ჩაყენება. მშობელს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, ვაუჩერი კერძო ბაღში წაიღოს ან ბავშვი სახელმწიფო ბაღში მიიყვანოს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ნებისმიერი ბავშვი, რომელიც კერძო ბაღში დადის, სახელმწიფოსგან ვაუჩერს მიიღებს.

- მერიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისგან ეს პროექტი მოწონებულია?

- დიახ. პროექტი შეთანხმებულია ახალი სასწავლო წლისთვის. დასაზუსტებელია რაღაც საკითხები. ასევე საკრებულოს გადაწყვეტილებაა მისაღები, რადგან ამასთან დაკავშირებით დასტური საკრებულომ უნდა მისცეს.

- როდის დაიწყება საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესი?

- ჯერჯერობით თარიღი არ დაგვიზუსტებია, თუმცა რეგისტრაცია სავარაუდოდ ივლისში დაიწყება.

- საუბრობენ, რომ ბაღებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება იგეგმება.

- ჩვენ დაახლოებით შვიდი თვის წინ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და სათვალთვალო კამერების დამონტაჟების პროცესი ახლა მიმდინარეობს. კამერები მონტაჟდება საბავშო ბაღის შესასვლელში, პერიმეტრზე, ჰოლში, საწყობში, სამზარეულოში. ბაღების ადმინისტრაცია თავად წყვეტს, დაამატოს თუ არა სათვალთვალო კამერები შენობის სხვა მონაკვეთებში. სააგენტო სამუშაო ჯგუფებში კამერების დამონტაჟებას არ გეგმავს, თუმცა ბაღის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება აქვს, შესაბამისად, რამდენიმე წელია 15-20 ბაღის ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით, სამუშაო ჯგუფებში კამერების დამონტაჟების გადაწყვეტილება მიიღო. სათვალთვალო კამერები თბილისის ყველა საბავშო ბაღში დამონტაჟდება.

ნატალია დადიანი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია