ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ყველა ინტერვიუში სიამაყით ამბობს, რომ ქართველია და უცხოელ მკითხველს საქართველოში გატარებულ ბავშვობაზე, ოჯახსა და მეგობრებზე ხშირად უყვება. ამჯერად მან გამოცემა Telegraph-ს მისცა ინტერვიუ.
- რატომ თბილისი?
- ეს ის ადგილია, სადაც ჩემი ბავშვობა 9 წლამდე გავატარე. თბილისი საქართველოს კულტურული ცენტრია. თბილისში ულამაზესი ხეივნები და ეკლესიებია.
- ყველაზე მნიშვნელოვანი, რსც თბილისში სტუმრობისას უნდა წავიღოთ?
- თავის ტკივილის გამაყუჩებელი აბები და ნაბახუსევის საწინააღმდეგო წამალი. ბევრი ჭამა, სმა და სადღეგრძელოს თქმა მოგიწევთ. გორაკიან ადგილებში კომფორტულად გადაადგილებისთვის დაბალძირიანი ფეხსაცმელები იქონიეთ. ზაფხულში ცხელა და ზამთარში ძალიან ცივა, ამიტომაც გაზაფხულის მიწურული იდეალური დროა ქვეყნის სტუმრობისთვის.
- რას ურჩევთ ტურისტებს, რომლებიც იქ პირველად ჩავლენ?
- მოინახულეთ თბილისში მდებარე ეკლესიები, მათ შორის სამება. თუ თბილისის ხედის სრულყოფილად ნახვა გსურთ, საბაგიროთი ისარგებლეთ - იქიდან ულამაზესი ქალაქი იშლება.
- რას ვერიდოთ?
- თბილისის ზოგიერთი აბანო შესაძლოა ყველას გემოვნებას ვერ მოერგოს. მაგალითად, ჩემმა მეუღლემ როდესაც დაინახა, რომ კაცი აპირებდა დაბანას, იქიდან გამოიქცა.
- რა შევიძინოთ და შინ წამოვიღოთ?
- სახლში ტყემლის წამოღება შეგიძლიათ, რომელიც ქათამთან და ქაბაბთან უგემრიელესია. ასევე უმჯობესია, შეიძინოთ ჰამლეტ გონაშვილის ჩანაწერი, რომლის წყალობითაც ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს გაეცნობით.
- ქალაქი, რომელიც თქვენს ხასიათში ვერ ჯდება...
- ლას-ვეგასის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. გასართობად კარგი ადგილია, მაგრამ ზედმეტად ხელოვნურია.
მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.