აქცია-მსვლელობა თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და სამეგრელოში - 1 მაისის პროტესტი და მოთხოვნები

აქცია-მსვლელობა თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და სამეგრელოში - 1 მაისის პროტესტი და მოთხოვნები

ახალგაზრდებისა და ქალების ეკონომიკური ემანსიპაცია, პროგრესული გადასახადები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები რეგიონებში, საპენსიო რეფორმა, უმუშევართა დროებითი შემწეობა - ეს იმ სურვილების მოკლე ჩამონათვალია, რომელთა შესრულების მოთხოვნით 1 მაისს, შრომის საერთაშორისო დღეს თსუ-ს პირველ კორპუსთან ახალგაზრდობა ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს. "ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები" და "საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები", "საქართველოს პროფესიული კავშირების ახალგაზრდული ორგანიზაცია", "ახალგაზრდა სოციალისტები" და ქუთაისიდან "მელნისფერი თაობა" მშრომელთა უფლებების დასაცავად ერთიანდებიან. ამ თემაზე Ambebi.ge "ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატების" ერთ-ერთ წევრს, სანდრო ცაგარელს ესაუბრა.

- სანდრო, როგორც ჩანს, მშრომელთა უფლებების დასაცავად საკმაოდ ფართომასშტაბიან აქციას გეგმავთ. უფრო კონკრეტულად გვიამბე, რის გაკეთებას გეგმავთ 1 მაისს?

-"ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები","საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები","შშმ პირთა გაერთიანება", "ახალგაზრდა პროფკავშირები", "მრავალხმიანი დიპლომატიის ინსტიტუტი და ახალი იდეა" ვერთიანდებით 1 მაისს 2 საათზე თსუ-თან, წავიკითხავ მანიფესტს, რომელიც შრომით უფლებებთან დაკავშირებულ 8 მოთხოვნასა და იდეას მოიცავს.

- რა ტიპის მოთხოვნებს მოიცავს თქვენი მანიფესტი და ვინ არის ადრესატი?

- ჩვენი პროტესტის ადრესატია როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, ისე კერძო სექტორიც.

ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა მინიმალური ხელფასების რეგულაცია და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაა, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია შშმ პირთათვის ღისეული თანაარსებობის პირობების შექმნა და საპენსიო რეფორმა.

პენსიები სოციალური დაცვის ხარჯების ნახევარზე მეტს შეადგენს. სისტემა ვერ უზრუნველყოფს პენსიონერებისათვის ადეკვატურ პენსიას. მეორეს მხრივ, ვერც სოციალურად დაუცველები იღებენ ადეკვატურ სოციალურ დახმარებას. საქართველოში არსებული საპენსიო სისტემა თაობათაშორისი სოლიდარობის პრონციპზე არის აგებული და არ ითვალისწინებს დღევანდელი პენსიონერების მუშაობის პერიოდში გაკეთებულ საპენსიო შენატანებს, მისი საქმიანობის ხანგრძლივობას და შინაარსს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ყველა ეს მონაცემი ადასტურებს საპენსიო რეფორმის აუცილებლობას.

ამ საქმეში განსაკუთრებული როლი აკისრია ახალგაზრდობას. უნდა გავითავისოთ, რომ ეს პრობლემა ჩვენც გვეხება. მუდმივი სტაჟირების ან ცრუ დაპირებების პრობლემა თითქმის ყველა მეორე ან მესამე დამწყები დასაქმებულის პრობლემაა. ჩვენი რვაპუნქტიანი მანიფესტის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ ახალგაზრდების დასაქმებას ეხება. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ამ ბრძოლის ავანგარდში სწორედ ახალგაზრდები უნდა ვიყოთ.

- როგორც ცნობილია, 1 მაისს საქართველოს პროფკავირების გაერთიანებაც გეგმავს საპროტესტო აქციის გამართვას...

- ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდების აქტიურობასა და პოზიციას მსგავს პრობლემებთან დაკავშირებით დიდი ძალა აქვს, გვსურს, რომ ეს არ იყოს რომელიმე სხვა პოლიტიკური ჯგუფის ან კონკრეტული პირების მიერ მართული აქცია. ამიტომაც ვიკრიბებით ახალგაზრდები ცალკე თსუ-ს პირველ კორპუსთან, შემდეგ კი ერთიანი მსვლელობით მელიქიშვილის გამზირზე დავიძვრებით მუსიკოსებთან ერთად. მსვლელობას პერფორმანსის სახე ექნება. პარალელურად ამ დროს რესპუბლიკის მოედანზე პროფკავშირების მიერ გამართულ აქციას შევუერთდებით და ყველანი ერთად პარლამენტის ყოფილ შენობასთან მივალთ.

როგორც ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, შრომის საერთაშორისო დღეს მშრომელთა უფლებების დაცვის მოთხოვნით გამართულ აქციას წელს პირველად თბილისის გარდა ქუთაისი, ბათუმი და სამეგრელო შეუერთდება. თბილისის აქცია-მსვლელობის პარალელურად, ქუთაისში პარლამენტის შენობასთან სტუდენტური ჯგუფი "მელნისფერი თაობა" გამართავს აქციას სახელწოდებით - "თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა". ბათუმში კი სტუდენტური გაერთიანება "ალტერნატივა" აქციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ 1888 წლის დეკემბერში ამერიკის შრომის ფედერაციის ქალაქ სენტ-ლუისში ჩატარებულმა ყრილობამ გადაწყვიტა,  1890 წლის 1 მაისი მშრომელთა უფლებების დაცვის ეროვნულ დღედ გამოეცხადებინა, რასაც წინ უძღოდა ანარქისტების აქტიურობა და უკომპრომისო ბრძოლა.

მუშათა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, 1 მაისს აშშ-ში გაიფიცა 350 000 ადამიანი (11 562 საწარმო), კიდევ 100 000 -ზე მეტმა ადამიანმა შეძლო თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევა საყოველთაო გაფიცვის დაწყებამდე. 

სულ რაღაც 100 წლის წინ ამერიკა სულაც არ წარმოადგენდა ე.წ. „ამერიკული ოცნების" ქვეყანას. 1880 წელს საყოფაცხოვრებო მინიმუმი შეადგენდა დაახლოებით 750 დოლარს წელიწადში, ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანის წლიური ხელფასი კი 300 დოლარს. ამასთან, სამუშაო დღე გრძელდებოდა 11-12 საათს, ხშირ შემთხვევაში 15-საც კი.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია