რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სასულიერო პირები და მათი მრევლია შეკრებილი, რომლებიც ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვას აპროტესტებენ.
პარლამენტის შენობასთან 100-მდე ადამიანი შეკრებილი. მათ თან აქვთ პლაკატები - "ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება", "დავიცვათ ოჯახური სიწმინდე და ზნეობრიობა", "მამათმავლობის დაკანონება და პროპაგანდა ერის გენოციდია".
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ჭოპორტის ღვთიმშობლის შობის ეკელსიის წინამძღვარმა, ვახტანგ დავითაშვილმა განაცხადა, რამდენიმე წუთში დაიწყება პარაკლისი, რომლითაც ღმერთს ქვეყნის მფარველობას შესთხოვენ და შესაძლოა, ასევე კანცელარიისკენ მსვლელობა გაიმართოს.
მისივე თქმით, დღევანელი ხელისუფლება ძველი ხელისუფლების გზას ადგას და საზოგადოების ფართო მასების მოთხოვნას არ ითვალისწინებს.
ჟურნალისტებთან დღევანდელი შეკრების შესახებ კომენტარი გააკეთა ასევე "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" თანათავმჯდომარემ, ავთანდილ უნგიაძემ. მისივე თქმით, ეს არის ფაქტობრივად დასაწყისი იმისა, რომ ეკლესიის შეზღუდვა დაიწყება ზნეობრიობის ქადაგებაში.