ბოლო 15 წელია, 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს მსოფლიო აღნიშნავს, მაგრამ საქართველოში ცოტა ვინმეს თუ ახსენდება და შესაბამისად, არც არავინ ემზადება წიგნის დღისთვის განსაკუთრებულად. არადა, რა სასიამოვნო იქნებოდა წინასწარ რომ დავრაზმულიყავით, სურვილებისა და თანხების მობილიზება გაგვეკეთებინა და წელიწადში 1 დღე ერთმანეთისთვის წიგნები გვეჩუქებინა. სწორედ ასეთი ინიციატივა გაჩნდა სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ და წიგნის მოყვარულების ნამდვილი აურ-ზაური გამოიწვია.
,,მოდით, გავაკეთოთ დიდი ღონისძიება წიგნებით, ღვინით და კოცონის ირგვლივ შევიკრიბოთ""
,,ფასდაკლებები გაგვიკეთეთ გამომცემლებო!""
,,ვაჩუქოთ ერთმანეთს წაუკითხავი წიგნების ბედნიერება"
მრავალი იდეა გაჩნდა, რასაც ერთხმად გამოეხმაურნენ კომპეტენტური ადამიანები და შედეგმაც არ დააყოვნა.23 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მათ ორგანიზატორებს ვესაუბრეთ:
ნინო კიკნაძე - საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორის მოადგილე:
- 23 აპრილს კიდევ ერთხელ გაიმართება წიგნის დღე, რომლის ორგანიზატორი ჩვენი ასოციაციაა. წელს ეს დღე უფრო მასშტაბურად აღინიშნება. ძალიან გვინდა, რომ ღონისძიებები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს, ამიტომ 23 აპრილს დაგეგმილი გამოფენა-გაყიდვით არ შემოვიფარგლეთ და პარასკევს, გუდიაშვილის სკვერში დაგეგმილი გვაქვს წიგნების გამოფენა, გაიმართება შეხვედრები მწერლებთან, კულტურული ღონისძიებები. ეს არის სერიოზული შანსი, რომ ქართველმა მწერლებმა უფრო მეტი ინფორმაცია მიიტანონ მკითხველთან, უფრო მეტი პოპულარიზაცია გაუწიონ იმას, რასაც აკეთებენ. ღონისძიებებში თითქმის ყველა ცნობილი გამომცემლობა მონაწილეობს: "არტანუჯი", სიესტა", "პალიტრა L", "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", "სანტა ესპერანსა", წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" და სხვები. ყველა მათგანი ძალიან აქტიურობდა. ჩვენი ასოციაციის პოზიცია ასეთია: რაც უფრო მეტ მსგავს ღონისძიებას გავმართავთ, მით უკეთესია ქართველი მწერლებისთვისაც და გამომცემლებისთვის. იმედი გვაქვს, რომ იქ იქნება ყველა, ვისაც წიგნი უყვარს, ვისთვისაც ეს დღე მნიშვნელოვანია.
თათა დგებუაძე - "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის უფროსი:
- 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. დიდი ხნის წინ დამკვიდრებული ტრადიციიის თანახმად, მამაკაცები ქალბატონებს ვარდს უძღვნიდნენ, ისინი კი, სანაცვლოდ წიგნებს ჩუქნიდნენ - ასეთი ტრადიცია იყო კატალონიაში, რომელიც მერე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. წიგნის დღე საქართველოშიც აღინიშნება, მაგრამ ძირითადად გამომცემლები და ის ადამიანები აღნიშნავენ, ვისაც წიგნთან აქვს შეხება. ჩვენ ძალიან გვინდა, ეს დღე უფრო პოპულარული გახდეს და თითოეული მკითხველისთვის კარგად იყოს ცნობილი. სწორედ ამიტომ, "ბიბლუსისათვის" ეს დღე არ არის უბრალოდ კომერცია: ჩვენი სურვილია, მოსახლეობას გავაგებინოთ წიგნის დღის შესახებ და დავამკვიდროთ ტრადიცია, რომ ამ დღეს ყველამ ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები. ამ კამპანიის სლოგანი და მთავარი მესიჯი იქნება - "აჩუქე წიგნი". 23 აპრილს, "ბიბლუსის" მაღაზიებში 15-პროცენტიანი ფასდაკლება იქნება ყველა წიგნზე. გარდა ამისა, "ბიბლუსის" რამდენიმე ფილიალში გვექნება გათამაშება, რომლის დროსაც მომხმარებელი შეძლებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინოს წიგნები. ეს გათამაშებები ჩატარდება როგორც თბილისის ფილიალებში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში. მაქსიმალური ფასდაკლება 80 პროცენტი იქნება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის გამოფენა-გაყიდვა, რომელიც 23 აპრილს პუშკინის სკვერში გაიმართება. მასში თითქმის ყველა გამომცემლობა იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, "პალიტრა L"-იც. ეს არის საერთო ღონისძიება, რომელსაც გამომცემლებთან და გამომცემელთა ასოციაციასთან ერთად ვგეგმავთ. ღონისძიების სტუმრებს კიდევ ერთი სურპრიზი ელით: 23 აპრილს თბილისის სკვერებში ველოსიპედები ივლიან და საჩუქრად წიგნებს დაარიგებენ. ერთი სიტყვით, "ბიბლუსი" განსაკუთრებული აქციებითა და შეთავაზებებით აღნიშნავს ამ ძალიან ლამაზ, მნიშვნელოვან დღეს.
ზვიად კვარაცხელია - გამომცემლობა "ინტელექტისა" და გამომცემლობა "არტანუჯის" მთავარი რედაქტორი:
გამომცემლობა "ინტელექტი" და "არტანუჯი" ამ მსოფლიო მნიშვნელობის დღესთან დაკავშირებით, ახლახან გამოცემული წიგნების პრეზენტაციას აპირებს. უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო წლებში საგამომცემლო საქმე საქართველოში აშკარად გამოცოცხლდა, უფრო მეტიც, ეს სფერო ძალიან წარმატებულია. ბევრი კარგი წიგნი გამოდის, ბევრი კარგი გამომცემლობა მონაწილეობს პროცესში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის. რაც მეტი ქართული წიგნი გამოვა, რაც მეტ ნიჭიერ ავტორს გავიცნობთ, მით უკეთესია ჩვენი საზოგადოებისათვის. აქვე უნდა ვთქვა, რომ 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარია, რისთვისაც ყველა უნდა მოვემზადოთ. საგამომცემლო საქმის, საგამომცემლო ბიზნესის მხარდაჭერა აუცილებელი პირობაა საიმისოდ, რომ საქართველო ამ ფესტივალზე ღირსეულად წარდგეს.
P.S. ყველა, ვისაც ამ ლამაზი დღესასწაულის შესახებ სმენია, მოუთმენლად ელოდება 23 აპრილს. იქცევა თუ არა წლევანდელი 23 აპრილი ნამდვილ დღესასწაულად? - ამას სულ მალე, საკუთარი თვალით ვიხილავთ.
ხათუნა ჩიგოგიძე, Ambebi.ge