"პატიმარი ფსიქიატრიულში იყო, ალბათ ნორმალური არ არის" - ირაკლი ფირცხალავას პასუხი ბუტა რობაქიძის დედას

"პატიმარი ფსიქიატრიულში იყო, ალბათ ნორმალური არ არის" - ირაკლი ფირცხალავას პასუხი ბუტა რობაქიძის დედას

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა ბუტას დედის, ია მეტრეველის ინტერვიუს პასუხობს.

ინტერვიუში ია მეტრეველი პატიმარ ლაშა შავაძეზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ფირცხალავამ 2008 წელს მისი ლიკვიდაცია დაუკვეთა. (იხილეთ: ბუტა რობაქიძის დედას მოკვლას უპირებდნენ? - ია მეტრეველის სკანდალური ინტერვიუ)

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლაშა შავაძე დაკავების შემდეგ, ჯერ ხონის დაწესებულებაში იყო მოთავსებული, შემდეგ კი რუსთავის #6 დაწესებულებაში იხდის სასჯელს.

როგორც ფირცხალავა აცხადებს, ბრალდებები აბსურდულია და ინფორმაციას ფსიქიურად ავადმყოფი პატიმარი ავრცელებს. ყოფილი პოლიციელი ამბობს, რომ ეს ახალი შოუა.

"ამ პატიმარმა საგაზეთო ინტერვიუში თვითონ დაწერა, რომ ხონში ფსიქიატრიულში მკურნალობდა ერთი წელი. საერთოდ არ ვიცნობ ამ შავაძეს, რაც გავიგე საგაზეთო ინტერვიუებიდან, მერე მოვიკითხე. თვითონაც ადასტურებს, რომ არის პოლიციის ყოფილი ინფორმატორი, რომელიც შემდეგ თურქეთიდან ჰეროინის კონტრაბანდაზე დაიჭირეს. მერე ფსიქიატრიულში იყო, ალბათ ნორმალური არ არის. ამ ადამიანს საერთოდ არ შევხვედრივარ, ეს აბსურდია. თუ სიამოვნებთ, ისევ შეუძლიათ გაერთონ ამ ზღაპრებით და მითებით, ვინც უნდა, იმან დაკითხოს ეს პატიმარი. მსგავს რაღაცას ადგილი არ ჰქონია. 2013 წელს გავიგე, რომ შეხება მქონია ბუტა რობაქიძის საქმესთან. პროკურატურამ შეგვითითხნა ბრალი. 2008-ში მე რატომ უნდა დამეკვეთა ია მეტრეველის მკვლელობა?! ან 2008-ში რა "ფონდი ქომაგი" ჰქონდა ია მეტრეველს, ყველაფერი ტყუილია, არ მინდა ამ შვილმკვდარ მშობელზე ვისაუბრო", - განაცხადა "ამბები.გე"-სთან ინტერვიუში ირაკლი ფირცხალავამ.

ფირცხალავა ია მეტრეველის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის გამორიცხული, მის ლიკვიდაციას, რომელზეც პატიმარი საუბრობს, მისი აქტიურობიდან გამომდინარე გეგმავდნენ.

"მე რაში მეხებოდა ამ ქალბატონის აქტიურობა?! ჩემთვის წარმოუდგენელია ამ ქალბატონის ბრალდებები ჩემს მიმართ, ვიმეორებ – 2013 წელს გავიგე, რომ ბუტა რობაქიძის საქმესთან შეხება მქონდა. 2008 წელს საერთოდ არ მაინტერესებდა ეს საქმე და რა კავშირი უნდა მქონოდა მე ია მეტრეველის ლიკვიდაციასთან. ეს არის ტყუილი. ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამ პატიმართან იური ვაზაგაშვილმა შეაგზავნა ადვოკატი და ახალი შოუა დაწყებული. აღარ დამთავრდა ამ ქვეყანაში მკვლელობების შეკვეთაზე და საკონტროლო გასროლებზე საუბრები. 2008-ში ვიცოდით, რომ 2012 წელს ია მეტრეველმა ქომაგი ჩამოაყალიბა და მისი ლიკვიდაცია შევუკვეთეთ 2008-ში?! რა ლოგიკაში ჯდება", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ. მისი თქმით, ამ ყველაფერში ლოგიკურ ჯაჭვს ვერ ხედავს.

პატიმარი ლაშა შავაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მსჯავრდებული ამბობს, რომ პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ფირცხალავამ (ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს) მას მოკლული ახალგაზრდის, ბუტა რობაქიძის დედის ლიკვიდაცია დაავალა. პატიმარი უკვე დაკითხა სახალხო დამცველმა. ინფორმირებულია პროკურატურაც, - "ამბები.გე"-სთან ინტერვიუში 2004 წლის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი ამბობს, რომ ლაშა შავაძის ინფორმაციის სისწორეში დარწმუნებულია და პატიმრის ნაამბობი პირადად შეატყობინა მთავარი პროკურორის მოადგილეს, ირაკლი შოთაძეს. ლაშა შავაძის ინტერვიუ პრესაშიც გავრცელდა.

ხათუნა გაგნიძე, Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ