საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს ხვდება.
შეხვედრაზე ქვეყნის პირველი პირი დაღუპულ გმირების ოაჯახებს, სამშობლოს წინაშე გამოჩენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებს გადასცემს.
ჯილდოსთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრები სიმბოლურად 6000-6000 ლარს მიიღებენ.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
"თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულებაა, რომლისთვისაც სიცოცხლის შეწირვა ღირს", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილმა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების კომენტირებისას. როგორც მარგველაშვილმა განმარტა, 25 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე ჩვენი თანამოქალაქეები სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეისთვის იბრძოდნენ.
"ჩვენ დღეს ერთდროულად ვზეიმობთ და ვგლოვობთ იმ თავგანწირვას, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა აქ გასწიეს ძალიან მაღალი იდეალისთვის - ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულებაა, რომლისთვისაც სიცოცხლის შეწირვა ღირს. რა თქმა უნდა, ეს არის რთული, მაგრამ ღირს. ჩვენ დღეს ვზეიმობთ 1989 წლის 9 აპრილს მთელი ერის მთლიანობას და ვგლოვობთ იმ ღვაწლს, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასწიეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.