"რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილი ძალიან ცუდად გახდა: სიცხემ აუწია და გულყრა დაემართა, აღარც მეგონა თუ გამოკეთდებოდა! რასაკვირველია, მაშინვე სასწრაფოს დავურეკეთ, რომელმაც ზუსტად საათნახევრით დააგვიანა", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი, ახალგაზრდა ქალი... ალბათ, მსგავსი ფაქტების შესახებ თქვენც გსმენიათ. ადვილი წარმოსადგენია, რას ნიშნავს სასწრაფო დახმარების დაგვიანება მაშინ, როცა შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი შველას ითხოვს და ვერ შველი! თბილისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების 80 ბრიგადა მოქმედებს, მაგრამ სასწრაფოს არაოპერატიულობაზე მოსახლეობაში ხშირად ლაპარაკობენ.
მაინც, რატომ იგვიანებს სასწრაფო? - ამ კითხვაზე ქალაქ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა, შალვა ბრაჭულმა ასეთი პასუხი გაგვცა:
- ჯერ იმ პროცედურას აგიხსნით, რომლითაც ვმუშაობთ: ყველა ზარი შედის 112-ის სამსახურში, მერე კი მიმდინარეობს ამ ზარების გადანაწილება. შემოსული ზარები 3 ნაწილად იყოფა: არის მაღალი პრიორიტეტის მქონე ზარები, როდესაც სასწრაფო დახმარების მისვლას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, შემდეგ მოდის საშუალო და დაბალი პრიორიტეტის მქონე ზარები. მაღალი პრიორიტეტის მქონე ზარებს დაუყოვნებლივ ყურადღებას ვაქცევთ და ასეთ მისამართზე პირველივე ბრიგადა იგზავნება. დაგვიანებას უფრო ხშირად ისეთ ზარებზე აქვს ადგილი, რომლებიც დაბალი და საშუალო პრიორიტეტის მქონეა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის დროც, რომელიც ბრიგადის მობილიზებას და დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება.
შეიძლება გაგიკვირდეთ, როცა ნახავთ, რა სახის ზარები შემოდის: ესენია - ვირუსული ინფექციები, წელის ტკივილი, თავის ტკივილი, შეიძლება ადამიანს სიცხემ აუწიოს და ჩვენ დაგვირეკოს. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პაციენტმა ექიმის კონსულტაცია უნდა გაიაროს, სასწრაფოში კი არ უნდა დარეკოს. ასეთი ზარები ძალიან ხშირია, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. ზამთარში გვქონდა დღეები, როცა დღეში 2 ათასამდე გამოძახებას ვიღებდით. მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი ბრიგადები გვქონდა, მაინც გვიჭირდა ამ ზარებთან გამკლავება. თუმცა, ისე არ ხდება, რომ შემოვიდა ვიღაცის ზარი და იქ ბრიგადა არ გავიდეს: პრიორიტეტების მიხედვით მივდივართ დანიშნულების ადგილზე. ბევრს ჰგონია, როგორც კი ადამიანს სიცხე აუწევს, სასწრაფო დახმარება მაშინვე მის ჭიშკართან უნდა გაჩნდეს! - მსგავსი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. უყურადღებოდ არც ერთ ზარს არ ვტოვებთ, შეიძლება გვიან, მაგრამ სასწრაფო მაინც მიდის ამ მისამართებზე. ჩვენც გვესმის, რომ წლების განმავლობაში ჩვენი მოსახლეობისათვის ერთადერთი ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისი იყო სასწრაფო დახმარება, რომელიც უფასო იყო.
ადამიანს პოლიკლინიკისა და საავადმყოფოსათვის რომ მიემართა, ეს დაკავშირებული იყო ფინანსურ პრობლემებთან. ამის გამო ხალხიც მიეჩვია, რომ გაუჭირდება თუ არა, მაშინვე სასწრაფოში უნდა დარეკოს. 80 ბრიგადა გვყავს, რომელიც აღჭურვილია 80 თანამედროვე მანქანით, თუ ნებისმიერ გამოძახებაზე ვივლით და პირველად ჯანდაცვის ფუნქციას ავიღებთ ჩვენს თავზე, რა თქმა უნდა, გამოძახებებს ვერ გავუმკლავდებით. გამოდის, რომ ყველა კორპუსის სადარბაზოსთან თითო ბრიგადა უნდა დავაყენოთ. როდესაც 20-25 წლის ახალგაზრდას აქვს სურდო და სიცხე, ერთი კვირის მერე არ უნდა გაახსენდეს და ამის გამო არ უნდა გამოიძახოს სასწრაფო დამხმარების ბრიგადა. ჩვენს ექიმებსაც უმძიმესი შრომა უწევთ - ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ. ზამთრის პერიოდში, მაგალითად, ერთ ექიმს დღეში 20-ზე მეტ გამოძახებაზე უწევდა მისვლა. თუ საზოგადოების დამოკიდებულება არ შეიცვლება, სასწრაფო დახმარების ბრიგადების რიცხვის ზრდას აზრი არა აქვს. იმ დროს, როცა ჩვენ პაციენტს ვუზომავთ სიცხეს, ან წნევას, შეიძლება გადაუდებელი შემთხვევა მოხდეს და იქ დაგვაგვიანდეს. მართალია, მაქსიმალურად ვცდილობთ არ დავიგვიანოთ, მაგრამ ყოველთვის კოკა წყალს ვერ მოიტანს.
"112"-ის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. როგორც "112"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, მათთან "დღეში 25 ათასამდე ზარი შედის. მოქალაქეები რეკავენ სასწრაფო-სამედიცინო, საპატრულო ეკიპაჟისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების დახმარების მოთხოვნით. ეს არის როგორც საკონსულტაციო, ასევე არამიზნობრივი ხასიათის ზარები. სასწრაფო დახმარების მისამართით დღე-ღამეში დაახლოებით 3500 გამოძახება ფიქსირდება. შემოსული ზარების დიდი ნაწილი არამიზნობრივი ზარებია. ეს სერიოზული პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლად "112" პერმანენტულად ახორციელებს სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ექიმთა კავშირის" პრეზიდენტის, თორნიკე ბიძინაშვილის აზრით, სასწრაფო დახმარების არაოპერატიულობის ერთ-ერთი მიზეზი ჩვენს ქუჩებში არსებული განუკითხაობაცაა:
- სამწუხაროდ, ჩვენი ქალაქის ქუჩებში ჯერ კიდევ არ არის იმის კულტურა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა უნდა გავატაროთ. როდესაც სირენები ჩართულია და რომელიღაც მძღოლი მანქანას არ ატარებს, ის უნდა დაჯარიმდეს. დედაქალაქის ქუჩებში სრული ანარქიაა და სასწრაფოს დაგვიანება ამის ბრალიცაა. ძალიან ბევრი მანქანა გროვდება და გაუვალი საცობები იქმნება, განსაკუთრებით პიკის საათებში, ბუნებრივია, სასწრაფო ამ დროს პარალიზებულია და იგვიანებს. მე საკუთარი თვალით მინახავს, როგორ გადაუსწრია კერძო მანქანის მფლობელს სასწრაფო დახმარების მანქანისათვის და არც კი დასჯილა ამის გამო. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში კანონი ძალიან მკაცრი უნდა იყოს. არანაკლები პრობლემაა მოუწესრიგებელი გზები, წარმოიდგინეთ, სასწრაფო დახმარების მანქანაში წევს პაციენტი, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია, საკმარისია ამ დროს მანქანა ე.წ. იამკაში ჩავარდეს და მისი მდგომარეობა უფრო გამწვავდება. პაციენტს ამ დროს უსაფრთხო, კომფორტული გარემო უნდა ჰქონდეს - ეს მინიმალური, აუცილებელი სტანდარტია. ამ პრობლემებზე კი, ქალაქის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იზრუნონ.
- ალბათ, აქვე უნდა აღინიშნოს უსახსრობა, რის გამოც ბევრი ადამიანი ვერ მიდის მკურნალ ექიმთან და რეკავს სასწრაფოში.
- გეთანხმებით. ის, რომ პაციენტი არ მიდის თავის მკურნალ ექიმთან და სასწრაფოში რეკავს, ჯანდაცვის სისტემის მოუწესრიგებლობის ბრალია. სადაზღვევო კომპანიებიც ვერ უზრუნველყოფენ პაციენტის უფლებებს ისე, როგორც საჭიროა, ექიმების ანაზღაურებაზე აღარაფერს ვამბობ - ეს კიდევ სხვა პრობლემაა. საკმაოდ მოუქნელი სისტემა შეიქმნა: უნდა ჩაეწერო ოჯახის ექიმთან, რომელმაც შეიძლება ერთი კვირის შემდეგ მიგიღოს. სასწრაფოს ექიმებიც არ არიან შესაშურ მდგომარეობაში: როცა სასწრაფო იგვიანებს, ექიმს ღიმილით არავინ დახვდება, შეიძლება ჩხუბიც კი დაუწყონ. უამრავი რეფორმის მიუხედავად, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მაინც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, საბოლოო ჯამში კი - ჩვენი მოქალაქეები ზარალდებიან.
ხათუნა ჩიგოგიძე, Ambebi.ge