თბილისში, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა, თუმცა ამის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები კვლავ ითხოვენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან შეხვედრას.
მსგავსი შემთხვევა ორი დღის წინ გამართულ აქციაზეც მოხდა. მაშინ აქციის მონაწილე შმაგი მიქელაძემ თავის დაწვა სცადა, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
აქციის მონაწილეები ითხოვენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან შეხვედრას, თუმცა ოფისიდან მათთან შესახვედრად ჯერ არავინ გამოსულა.
როგორც ერთ-ერთმა მძღოლმა განაცხადა, არჩევნების დროს სწორედ ეს მძღოლები იყვნენ ის ხალხი, ვისაც მათ მიტინგებზე მოქალაქეები დაჰყავდათ.
"ქართული ოცნების" შენობასთან ამ დროისთვის პოლიციაა მობილიზებული. პოლიციელებს შენობის შესასვლელის წინ კორდონი აქვთ გაკეთებული.
თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები აქციებს უკვე რამდენე დღეა, მართავენ. ისინი მგზავრთა გადაყვანაზე გამართული ტენდერის შედეგების გაუქმებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ მუშაობის საშუალება აღარ ეძლევათ.
ტენდერში კომპანია "ინტერტრანსმა" გაიმარჯვა, რომლის უკანაც, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დგას.