გულჩვილები ვართ ადამიანები - სულ რომ არ ველით, მაშინ შემოგვაწვება სევდა. აი, ამაზე გიყვებით ახლა... ერთი სიტყვით, ვზივარ ახლობლის სამზარეულოში, ვსვამ ყავას, ვემალები გარეთ დარჩენილ სამყაროს და ამ დროს რადიოს მშვიდ ტალღებზე "სიმონა დოლიძე" არ შემოვარდა! ხომ გახსოვთ ეს სიმღერა: "ძმაბიჭებში დაჩაგრული/მე ვარ სიმონა დოლიძე,/შვიდი წელი შემისრულდა,/არ მძინებია ლოგინზე./წუხელ ძილში დამესიზმრა,/ვითომ წელს მეხვია გველი,/ვეცადე, ვერ მოვიშორე,/ისე შემეშალა ხელი.../ჯაფარიძე ურიადნიკი ცნობილია გურიაში,/გავიხედეთ, თავს დაგვესხა,/ჩაფრები შემოგვესია,/ისე დაგვაყარეს ტყვია,/როგორც წვიმა და მეხია,/გადმოხტომის ხანს მესროლეს,/მომტეხეს ორივ ფეხია./უცებ აზრი მოვიკრიფე,/ მასთან ძალა შევიძინე:/ ერთი ტყვია გავისროლე, თან გემოზე გავიცინე,/ჯაფარიძე ურიადნიკი ამ ჩემ გვერდზედ მოვიწვინე"...
რაღაცნაირად სევდიანად ასრულებს მომღერალი და მეც სევდა მაწვება გულზე, - რა არის დრო!.. ეს სიმონა დოლიძე ტერორისტი იყო, მაგრამ ლეგენდად დარჩა. ნეტავ ჩვენი დროიდან ვინმე დარჩება ლეგენდად? - იქნებ სიმონას დროში ცხოვრება ჯობდა! ვამბობ მე და ჩემი მასპინძელიც მპასუხობს, - რა ვიცი, აბა! - ისე, ყველაფერი ბედსა და გარემოზეა დამოკიდებული. სიმონა ლეგენდად გარემომ შექმნა - რევოლუციები იყო, ომები, გმირი სჭირდებოდა ხალხს. ვიღაცამ სიმღერაც შეუწყო, თორემ არც ურიადნიკი ჯაფარიძე ყოფილა სიმონა დოლიძეზე ნაკლები ბიჭი და არც სიმონას მოუკლავს ის! ეს ამბები ნამდვილად ვიცი... ეგ ურიადნიკი ჩემი ახლობლის დიდი ბაბუა იყო. თუ გინდა, გაგაცნობ!
ასე მივდივართ თამთა კერვალიშვილთან, ურიადნიკის გახსენებას თვალებგაფართოებული ხვდება, - ივანე ჯაფარიძე გაინტერესებთ? მამაჩემის ბაბუა, მინა ჯაფარიძე (ილიასა და აკაკის მეგობარი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე) ურიადნიკის ძმა იყო. მინა ილიას მკვლელობის შემდეგ მოკლეს ბოლშევიკებმა. ერთ ღამეს ჭიშკართან ვიღაცამ დაუძახა. გაუყარა მუცელში ხანჯალი და გაქრა.