ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე და უღონო თითებით შექმნილი შედევრები

ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე და უღონო თითებით შექმნილი შედევრები

ჟურნალისტებს ისეთი პროფესია გვაქვს, რომ თითქმის არაფერი გვაოცებს, რადგან ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ყველანაირ ადამიანთან გვიწევს შეხება. თუმცა, რამდენიმე ხნის წინ ყვარელში მზექალაშვილების ოჯახში მოვხვდი, საიდანაც უზომოდ გაოცებული წამოვედი და მიღებული შთაბეჭდილება დღემდე მაქვს გამოყოლილი. მასპინძელი, ქალბატონი ლილი ბარკავა-მზექალაშვილი წარმოშობით სამეგრელოდან გახლავთ და კახეთშია გათხოვილი. მას 3 ქალიშვილი შეეძინა - მარინე, ლელა და მზია.

ჩვენი სტატია მზიას ეძღვნება, მაგრამ მანამდე დების შესახებ მცირე ინფორმაციას მოგაწვდით: მარინე აბსოლუტურად ჯანმრთელი გახლდათ, ამჟამად პედაგოგია; მომდევნო ქალიშვილები კი წლების წინ გარდაიცვალნენ. ორივე ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ 1 წლის შემდეგ ბავშვებმა ავადმყოფობა დაიწყეს. ოჯახმა ზუსტი დიაგნოზი დღემდე არ იცის: ზოგიერთი ექიმი ამბობდა, რომ კუნთების დისტროფია იყო, ზოგი კი ცერებრალური დამბლის დიაგნოზს სვამდა. გოგონები ვერ დადიოდნენ, საწოლსა და სავარძელს იყვნენ მიჯაჭვული წლების განმავლობაში. ორივეს გულმკერდის დეფორმაცია ჰქონდა, რაც ქრონიკული პნევმონიის (ფილტვების დაავადება) მიზეზი გახლდათ. ოჯახი ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ ბავშვები განეკურნათ, მაგრამ ყველა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. მიუხედავად ასეთი ფიზიკური მდგომარეობისა, გოგონები მხნედ იყვნენ და ცხოვრების ხალისსა და ინტერესს არ კარგავდნენ. ლელამ უცხო ენების მიმართ გამოავლინა ინტერესი და რამდენიმე ენა შეისწავლა.

მზია 1972 წლის 15 იანვარს დაიბადა. 6 წლისამ ფურცელი და ფანქარი მოითხოვა და როდესაც ფაქტობრივად უმოქმედო ხელებით პირველი ნახატი შეასრულა, ყველა მიხვდა, რომ გოგონას მხატვრის თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდა. ამის შემდეგ ხატვა მისი ცხოვრების ნაწილად იქცა.

ლილი მზექალაშვილი:

- ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, წლამდე ჭოჭინასაც კი დაარბენინებდა, მაგრამ თანდათან უკან-უკან წავიდა. ძალა აკლდებოდა, კუნთი უდუნდებოდა. ექიმებმა სხვადასხვა დიაგნოზი დასვეს: პოლიომიელიტი, რაქიტული მოვლენები, სახადი, კუნთების დისტროფია, ცერებრალური დამბლა... რა არ ვიღონეთ, მაგრამ არაფერმა უშველა. მატერიალურად არ გვიჭირდა და ევპატორიაშიც გვყავდა წაყვანილი ექიმთან. სწორედ იმ ქალმა გვითხრა, - დააკვირდით, ასეთი დაავადების მქონე ბავშვები განსაკუთრებული ნიჭით არიან ხოლმე დაჯილდოებულიო. ჩავსვამდი სავარძელში, აქეთ-იქიდან ბალიშებს შემოვუწყობდი, რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა, ფანქარს გავუთლიდი, ფურცელს მოხერხებულად და­ვუდებდი, ფანქარს დავაჭერინებდი სუსტ თითებში და იწყებდა ხატვას... ერთხელ მისი ნახატები საბავშვო გადაცემების ტელესტუდიაში გავგზავნეთ. ტელევიზიით აჩვენეს, მაგრამ გადახატულად ჩათვალეს. ამ ამბავმა მზია ძალიან გაანაწყენა. ცოტა ხნით ხატვაც კი შეწყვიტა. შემდეგ შეიცვალა სტილი და სრულიად სხვა რაღაცების ხატვა დაიწყო. მანამდე ეკლესიებს ხატავდა, შემდეგ უფრო პორტრეტებს ქმნიდა. ძირითადად ფანქრით ხატავდა, ფუნჯის ხმარება უჭირდა. შეეცადა, ზეთის საღებავებით ეხატა, საამისოდ სპეციალური დაფაც გავაკეთებინეთ ხელოსანს, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ფუნჯს მეტი ძალა სჭირდებოდა. ისეთი არ გამოსდიოდა, როგორიც უნდოდა და სინანულით მიაგდო ფუნჯი.

გოგონა სამყაროს ეთიშებოდა ხატვის დროს. ნახატს ნახატზე ისე ქმნიდა, რომ საშლელს არ იყენებდა, რადგან მის სუსტ მკლავებს ძალა არ ერჩოდა საიმისოდ, რომ გავლებული ხაზი წაეშალა. მოსწონდა მუსიკა "რომეო და ჯულიეტადან" და ამ მელოდიის ფონზე ხატავდა ოჯახის წევრებს, საყვარელ კატას, ბანოვან მანდილოსნებს, დემონებს... რა აზრს დებდა თითოეულ ნახატში, მხოლოდ თვითონ იცოდა, რადგან ამის შესახებ არავის ელაპარაკებოდა. თავის გულისნადებს მხოლოდ დღიურებს ანდობდა, რომელსაც ყველასგან მალულად წერდა. დედამ მისი ჩანაწერები მხოლოდ შვილის გარდაცვალების შემდეგ, გოგონას ქვეშაგების ქვეშ აღმოაჩინა.

ოჯახს საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს და მზია გამუდმებით კითხულობდა. თავის აზრს კი დღიურებში გადმოსცემდა: "დღეს ვნახე, რომ ჩემს პატარა უბის წიგნაკში თითქმის ნახევარზე მეტი შემივსია. ნეტავ, თუ მოვა დრო და ვინმე ჩემ გარდა წაიკითხავს? თუ შეძლებს, რასაკვირველია, ჩემი ჭიანი კბილებივით დაღრეცილი ასოების გარჩევას. საინტერესოა, რას იფიქრებს? ვინც ამას წაიკითხავს, ან სულელად ჩამთვლის, ან - ჭკვიანად".

ვინაიდან წერა უჭირდა, სასვენ ნიშნებს არ სვამდა. ცდილობდა, ხელის ერთი მოსმით გადმოეცა აზრი, სიტყვებს ერთმანეთს აბამდა, მაგრამ მაინც წერდა...

მისი ჩანაწერებიდან ჩანს, რომ გოგონა მარტოსული იყო: "ყოველთვის მიჭირდა, ვყოფილიყავი ადამიანებთან გულწრფელი. მახსოვს უბრალო მსხლის ხე, რომელიც აივნის წინ იდგა. ეს ხე ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, მაგრამ საბრალო ხე მოჭრეს. ვერ მოვახერხე, რომ ეს ხე არ მოეჭრათ... რომ მეკითხებოდნენ, - რად გინდა ეს ხეო, ვერ ვეუბნებოდი, რადგან დარწმუნებული არ ვიყავი, - გამიგებდნენ კი? იქნებ გიჟადაც ჩამთვლიდნენ".

"არც ერთი სულდგმულისგან არ მისწავლია ამდენი რამ, რაც ჩემმა კატამ მასწავლა. მასზე ჭკვიანი არსება არ შემხვედრია. მისი გონიერება ფარული იყო... მასზე უფრო არც ერთი ცოცხალი არსება არ მყვარებია. რა თქმა უნდა, ახლობლებისა და ღმერთის შემდეგ. სულ მალე ჩემი გონიერი კატა დაიკარგა. არ ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი. არ ვიცი, რატომ წავიდა, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, - ძნელია წარმოიდგინო ისეთი დამოკიდებულება ცხოველსა და ადამიანს შორის, როგორიც ჩვენ გვქონდა".

გარემოს მიმართ აგრესია იგრძნობა მზიას ნაწერებში. ეს არცაა გასაკვირი. შინ გამოკეტილი გოგონა თავის წილ ბედნიერებას ელოდა... ვერ იღებდა და ალბათ ეს ხდიდა აგრესიულს: "დღეს ჩემს წითელ ბლოკნოტს გადავავლე თვალი, სწრაფადაა ნაწერი, არც მძიმე, არც წერტილი არსადაა დასმული. აზრებიც მგონი მეტად აგრესიულია. იქნებ ეს იმის ბრალია, რომ მე ვარ მძიმე და აგრესიული? დაე, ეს სხვებმა განსაჯონ, მაგრამ ვატყობ, რომ ჩემს ტვინში ყველაფერი ვერაა კარგად".

მისი თვალით დანახული ბედნიერება კი ასეთი იყო: "მე მგონი, ბედნიერება არის ის, რასაც ეწოდება სახელად ჯანმრთელობა და რასაც ვერ აფასებენ ადამიანები მანამ, სანამ ხელიდან არ გამოეცლებათ".

ლილი მზექალაშვილი:

- საოცარი ბუნების ბავშვი იყო, ჰქონდა დიდი მოთმინების უნარი. ძნელად გაიგებდი, რა უნდოდა, რა უხაროდა, რა სწყინდა. მას თავისი სამყარო ჰქონდა. არ უყვარდა საკუთარ თავზე ლაპარაკი, არასოდეს უთქვამს დანანებით, - სხვა ბავშვებივით რატომ არ დავდივარო. არც სხვას მისცემდა იმის უფლებას, რომ შეჰბრალებოდა. ეტლზე უარი თქვა, - ინვალიდი არ ვარო...

გამუდმებით ფიქრობდა სიკვდილზე: "ბავშვობაში ძალიან მაინტერესებდა, ადამიანი რომ კვდებოდა, სად მიდიოდა მისი სული? თუ ვინმეს ვკითხავდი, მეუბნებოდნენ - არ ვიციო. იმ სხვამ არც ის იცოდა, რატომ მარხავენ მკვდარს... არის მეორე სამყარო, სადაც მიდიან დახოცილთა სულები. შიში სიკვდილის წინაშე უაზრობაა, რადგან მას თავიდან ვერც ერთი სულდგმული ვერ აიცდენს. შევამჩნიე, რომ როცა ვინმე კვდება, არავითარ სინანულს არ ვგრძნობ".

ძალიან განიცადა, როდესაც შუათანა და, ლელა გარდაიც­ვალა. უფრო ჩაიკეტა. ისედაც სიტყვაძუნწი იყო და კარგა ხანს ხმას აღარავის სცემდა... ისე გავიდა წლები, რომ სახელი - "ლელა" ხმამაღლა არ უთქვამს.

დედა ხშირად საყვე­დურობდა, - დემონებს რომ ხატავ, ეშმაკები გვაკლიაო? - წინასწარ არ ვფიქრობ, რა უნდა დავხატო, ფანქარს რომ ვიჭერ ხელში, მერე თავისით მოდის აზრებიო...

უზომოდ პატრიოტი იყო... - ფეხები რომ მქონდეს, აფხაზეთის დასაცავად წავიდოდიო, - ამბობდა, როცა იქ ომი მიმდინარეობდა.

ლილი მზე­ქალაშვილი:

- ერთხელ ეზ­ოში ვსაქმიანობდი და მზიას ხმა შემომესმა, მეძახდა განწირული ხმით. გულგახეთქილი შემოვვარდი ოთახში, მეგონა, საწოლიდან გადმოვარდა ან რაღაც უჭ­ირ­და... - რა დაგემართა-მეთქი? - აფხაზეთი და­ვკარგეთო, - ტიროდა. ტე­ლევიზორს უყ­ურებდა გამუდმებით და ყველანაირ ინფორმაციას იგებდა. - დავკარგეთ და დავკარგეთ, რა გული გამიხეთ­ქე-მეთქი? - ვუსაყვედურე. გამებუტა. საღამოს მამას გაუზიარა ტკივილი ამ ამბის გამო, მამამ თანაუგრძნო, დაამშვიდა და მისი გული მოიგო კიდეც. მე კი 2 კვირა ხმას არ მცემდა ჩემი დაუფიქრებელი სიტყვების გამო. საქართველოს რუკა დახატა ვარდებით და გვერდით ვაშლები მიუხატა - სამოთხის ვაშლებიაო...

ოჯახის ყველა წევრი დახატა, მამის გარდა. მამა განსაკუთრებულად უყვარდა და ვერ შებედა დახატვა თურმე... სურათის გადაღება არ უყვარდა. ერთხელ მისცა ახლობელს გადაღების უფლება და არ მოეწონა. დედას სარკე მოატანინა და საკუთარი პორტრეტი შექმნა.

გოგონას გარდაცვალების შემდეგ, კეთილი ადამიანების დახმარებითა და თანადგომით მისი ნახატების გამოფენა რამდენჯერმე მოეწყო. უამრავი დამთვალიერებელი ჰყავდა. მათ შორის თამაზ კვაჭანტირაძეც ყოფილა, რომელსაც შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერიც დაუტოვებია...

მზია 21 წლის გარდაიცვალა... მშვიდად წავიდა სამარადისო სამყოფელში... სიკვდილის წინ მამა მოითხოვა, მაგრამ მან შვილს ცოცხალს ვერ მოუსწრო...

"დასრულდა ჩემი ბლოკნოტი, ეს უკვე ბოლო ფურცელია... დასასრული, რაც უნდა იყოს, სევდის მომგვრელია. როცა წერას ამთავრებენ, წერტილს სვამენ, ხოლო როცა სიცოცხლეს ამთავრებს ადამიანი, - საფლავს უკეთებენ და ქვას უდგამენ. რატომ ხდება ასე? ადამიანს ისედაც ბევრი ქვა ხვდება გულში ცხოვრებაში. ჩემი ნება რომ იყოს, საფლავებზე ქვას არ დავდგამდი, გარდაცვლილის საყვარელ ხეს დავრგავდი ან მის საყვარელ ყვავილებს. მე ვისურვებდი, ჩემს საფლავზე იასამნის ხე ყოფილიყო, კიდევ ვისურვებდი, საფლავი სადმე, მდელოზე ყოფილიყო, სადაც ადამიანის ჭაჭანება არ იქნებოდა და ირგვლივ მხოლოდ ტყე და ბუნება იქნებოდა. თან, - არავითარი სასაფლაო. რა თქმა უნდა, ჟრუანტელის მომგვრელია, რომ 20 წლის ადამიანი თავის საფლავზე ფიქრობს, მაგრამ მე მგონია, როცა ისედაც კარგად იცი, რაც გელის, რატომ არ უნდა იყო მზად? ასე კი სჯობს... ნაკლებად იწვალებ".

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია