პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ევროპელი პარტნიორების რჩევაა, საქართველო იყოს პრინციპული, მაგრამ იმავდროულად ფრთხილი. უსუფაშვილის თქმით, თუკი ქვეყანაში რაიმე გართულებებს ექნება ადგილი, ეს იქნება მთელი ევროპისა და მსოფლიოს დამატებითი გართულება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს უსუფაშვილმა ევროპის პარლამენტის "სოციალისტ-დემოკრატთა" ფრაქციის ერთ-ერთ ლიდერ ჰანეს სვობოდასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"ის საქართველოში ჩამობრძანდა პირველ რიგში იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს ევროკავშირისა და ევროპული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა საქართველოსადმი. საუბრის ძირითადი ნაწილი შექმნილ ვითარებას დავუთმეთ - რუსეთის აგრესიას მეზობელი სახელმწიფოების, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მიმართ და იმ ღონისძიებებს, რაც შემდგომი გართულებებისგან თავის ასაცილებლად ხორციელდება. შევჯერდით იმაზე, რომ ყველაფერი დასრულებელი არ არის და ძალიან გონივრული და პრინციპული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს. კიდევ ერთხელ დავადასტურე ის, რაც ერთი კვირის წინ, ბრიუსელში ყოფნისას ევროპელ ლიდერებს გადავეცი, რომ საქართველო მხოლოდ საკუთარ უსაფროებაზე არ ფიქრობს. ჩვენ ვართ მზად და ვმონაწილეობთ დემოკრატიული სამყაროს მცდელობაში, რომ რუსეთი სათანადოდ დაისაჯოს ამ აგრესიის გამო და მისი შემდგომი აგრესიისგან ყველა ქვეყანა იყოს დაცული. ამასთან, შექმნილ ვითარებაში, როცა ოკუპაცია გრძელდება და შემდგომი გართულებებისგან არ ვართ დაცული, ევროპელი მეგობრები გვირჩევენ, ვიყოთ პრინციპული და იმავდროულად ფრთხილი. ამას იმიტომაც აკეთებენ, რომ თუკი რაიმე გართულებას ექნება ადგილი საქართველოში, ეს იქნება მთელი ევროპის და მთელი მსოფლიოს დამატებითი გართულება. ამიტომ ჩვენ ვმოძრაობთ მათთან მჭიდრო კონსულტაციებით ყველა საკითხში – ყველა განცხადება და ნაბიჯი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან არის შეჯერებული", – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.