შეიძლება მკრეხელობად ჩამითვალოთ, მაგრამ კარგი იქნება, რომ ზურა იყოს არა მოკლული, არამედ გაგუდული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
მისი თქმით, ჟვანიას მკვლელობა ნიშნავს ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომლებმაც ეს ცოდვა საკუთარ თავზე აიღეს. ამასთან, მარგველაშვილის თქმით, იმ ვერსიაში, რომელიც თავდაპირველად დაიდო ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე, ბევრი შეუსაბამობა იყო.
"იმ ვერსიაში, რომელიც გახდა ცნობილი, იყო შეუსაბამობები. ამიტომ საზოგადოება უნდობლად მოეპყრო ამ ფაქტს. გამოძიება მნიშვნელოვანია როგორც მისი ოჯახისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. მე გამოძიების დეტალები არ ვიცი, მაგრამ ყველას გვახსოვს ის დეტალები, რომელიც მაშინ იყო. საუბარია არა რაიმე ვერსიაზე, არამედ შეუსაბამობებზე. გვახსოვს მონაცემები ტელეფონის ანძებზე, ის, რომ გაზი გამორთული იყო, რომ ძაძამია ვერ შეძვრა იმ ფანჯარაში, დახურული იყო ფანჯარა და ა.შ.", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ქართული პოლიტიკა არის მოცული კითხვის ნიშნებით, პოლიტიკოსთა სიკვდილებით. "ჩვენ გვახსოვს ჭავჭავაძე, კოსტავა, გამსახურდია, შარაძე, საჯაია, ჭანტურია, ზურა და სხვები. საზოგადოებას აინტერესებს ჟვანიას საქმის გამოძიება არა მხოლოდ ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე, არამედ დაცულობიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკოსები უცებ არ ქრებოდნენ სიცოცხლიდან, არ კვდებოდნენ ისე, რომ ბოლომდე პასუხი არ იყოს გაცემული", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სააკაშვილის პირველი და შემდგომი კომენტარები ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით გარკვეულწილად ცდება იმ ძალიან დაბალ მიუღებლობის ზღვარს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ამასთან, მარგველაშვილი აცხადებს, რომ გამოძიება უნდა მოხდეს იმასთან დაკავშირებითაც, თუ ვინ გაავრცელა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ფოტომასალა.