სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი არ გამორიცხავს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მომავალში არა მოწმის, არამედ ბრალდებულის სტატუსით დაიკითხოს, - ამის შესახებ სუბარმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, თოქ-შოუ "რეაქციაში" განაცხადა.
"უარს ამბობდა დაკითხვაზე მათი საყვარელი ლიდერი პინოჩეტი, მაგრამ თუნდაც სიცოცხლის ბოლოს მას მოუწია კითხვებზე პასუხის გაცემა. მე არ ველოდები ახლა, როდის დადგება სიცოცხლის ბოლო პრეზიდენტისთვის, მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, თანაც აუცილებლად. მუშაობს სამართლებრივი მექანიზმები, მათ შორის საერთაშორისო სამართალი. ის, რაც დღეს მიიჩნევა წარმოუდგენლად, 2-3 წელიწადში ან გაცილებით ადრე, 2-3 თვეში შეიძლება გახდეს გაცილებით ადვილი, თუნდაც იმითი, რა მასალები დაიდება თითოეულ ამ საქმეზე. ამ წუთში ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ მასთან არსებობს კითხვები როგორც, მოწმესთან, თუმცა, ხვალ და ზეგ, თუნდაც იმაზე, რატომ მიჰყიდა თავისი ოჯახის წევრებს თითქმის უფასოდ სახელმწიფო ქონება - ამაზე კითხვები შეიძლება გადაიზარდოს სხვა რამეში, ის როგორც მოწმე კი არა, სხვა ფორმით დაიკითხოს", - აღნიშნა სუბარმა.
მან არ გამორიცხა, რომ თუ საკმარისი ახსნა-განმარტება არ იქნება, ოჯახის წევრებისთვის სიმბოლურ ფასად ქონების მიყიდვის საქმე ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წარსადგენად საკმარისი იყოს.