"ინციდენტებისას გადმონთხეული ზიზღი სამარცხვინოა" - რას წერენ სოცქსელში "მოდად ქცეულ კონტრაქციებსა" და "შეთქმულების თეორიებზე"

"ინციდენტებისას გადმონთხეული ზიზღი სამარცხვინოა" - რას წერენ სოცქსელში "მოდად ქცეულ კონტრაქციებსა" და "შეთქმულების თეორიებზე"

ბოლო დღეებში პრორუსული და პროდასავლური აქციების მონაწილეთა დაპირისპირების არაერთი შემთხვევის ფონზე სოციალურ ქსელში იმაზე საუბარი გააქტიურდა, თუ ვინ დგას ასეთი აქციების უკან და რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს მათი ჩატარება.

იხილეთ ფოტოგალერეა: "კინოს სახლთან" მომხდარი დაპირისპირება

ყოველგვარ "შეთქმულების თეორიას" არასერიოზულად მიიჩნევს მმართველი კოალიციის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი:

"ერთ-ერთი ყველაზე იდიოტური შეთქმულების თეორია რაც კი მსმენია, არის ის, რომ ვინც რუსეთის მხარდამჭერ აქციებს აწყობს, ისინი თურმე ნაცმოძრაობის მიერ არიან მართულები, რათა ნაცმოძრაობის მიერ მართული ხალხი მიუვარდეს მათ, ატყდეს ჩხუბი და მერე ეს აჩვენონ ნაცმოძრაობის მიერ მართულმა ტელევიზიებმა.

არა, რომ არ შემხვედროდა მსგავსი პარანოიდული აზრები, კიდევ ჰო, მაგრამ ხალხი რატომაც ასეთ ჩახლართულ სიგიჟეს უფრო იჯერებს, ვიდრე იმას, რომ ერთ გიჟებს მეორე გიჟები ყოველგვარი შეთქმულების გარეშე შეიძლება მიუვარდნენ", - წერს ზურაბიშვილი.

ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია კი მიიჩნევს, რომ "ევრაზისტებსა" და სხვა ნებისმიერ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფს გამოხატვის სრული თავისუფლება უნდა მიეცეთ, რათა შემდეგ ადამიანებმა თავად შეაფასონ, ვინ ვინაა და დარბეული აქციის მონაწილეებმა ვერ შეეძლონ წამებულის მანტიის მორგება.

"რამოდენიმე სიტყვით ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებს მინდა შევეხო, ე.წ. "კონტრაქციების" მოდაში შემოსვლას. ეს, ჩემის აზრით, ამაზრზენი პრაქტიკა ფაქტობრივად ნაცმოძრაობის დამარცხების შემდეგ გახდა პოპულარული და... შესაძლებელი. თუ არ ჩავთვლით, 7 ნოემბერს იავარქმნილ რუსთაველზე ვინმე ბეგაშვილის და სხვათა განავარდებას, რაც უფრო გოშიების პარადს წააგავდა, ვიდრე საპროტესტო აქციას.

დღესდღეობით, პირადად მე სასიამოვნოდ გაოცებული, სიამაყით შევყურებ ქართველ პოლიციელებს, რომელნიც ასეთ სრულიად იდიოტურ სიტუაციაში სიმშვიდეს ინარჩუნებენ და ყოველგვარი აგრესიისა და ძალადობის, ექსპლიციტური სიძულვილის გარეშე ასრულებენ საკუთარ მოვალეობას: აშველებენ დაპირისპირებულ მხარეებს. ცოტა ხნის უკან ამგვარი პოლიციელის წარმოდგენაც კი გამიჭირდებოდა საქართველოში... თუმცა, ვფიქრობ, სახელმწიფოს რეაქცია უფრო მკაცრი უნდა იყოს რამოდენიმე მიზეზის გამო:

მსგავსი ინციდენტების დროს უხეშად ილახება სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, რაც დემოკრატიის ქვაკუთხედსა და ადამიანთა განუყოფელ უფლებას წარმოადგენს. არავის, იქნება ეს სახელმწიფო თუ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი, არა აქვს უფლება წაართვას ვინმეს აზრის, პოზიციის დაფიქსირების საშუალება.

ამგვარ საქციელს ვერ გავამართლებთ, რა შიდა თუ საგარეოპოლიტიკური სარჩულიც უნდა ედოს დაპირისპირებას. ნუ გეგონებათ, თითქოს მორალურ ან პოლიტიკურ რელატივიზმს ვამართლებდე: საკუთარი პოზიცია გამაჩნია და კარგად შემიძლია მისი არტიკულაციაც. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, გაცილებით უკეთესია თუ ევრაზისტს, მიშისტს და ნებისმიერ სხვას მიეცემა გამოხატვის სრული თავისუფლება, რაც საზოგადოების ინფორმირებას შეუწყობს ხელს. დაე, შემდეგ ადამიანებმა თავად მიიღონ გადაწყვეტილება! აღარც წამებულის მანტიის მორგების საშუალება მიეცემა მავანს კონსტრუქციულ ფორმატში მოქმედების ნაცვლად... აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული მანტია მათთვის გაცილებით მეტად მომგებიანია როგორც შიდა, ისე საგარეო არენაზე.

უკვე არაერთხელ შევესწარი ფაქტს, როდესაც ამგვარ სიტუაციებში ადამიანებს, განსაკუთრებით ქალბატონებს ეშინიათ წასვლა და პოზიციის დაფიქსირება, რათა ვიღაც ხეპრესგან ძალადობის მსხვერპლი არ გახდენ. დამეთანხმებით, ასეთ დროს ვიღაცის ასლარიანი ჯარიმა ვერაფერი შეღვათია! ფაქტობრივად, ფსიქოლოგიურ ტერორიზმთან გვაქვს საქმე.

დასარულ, სახელმწიფოს მინდა შევახსენო: განურჩევლად ადეკვატურობისა, პოზიციისა, პოზიტივ-ნეგატივისა ეს სივრცე - ქვეყანა, ქალაქი, სოფელი, ქუჩა, - ყველას ეკუთვნის. ყველა ადამიანს, მოქალაქეს აქვს ცვლილების, განვითარების შანსი და საშუალება, რასაც ასეთ ინციდენტებისას გადმონთხეული ზიზღი ვერაფრით შეუწყობს ხელს. სამარცხვინოა... დაიცავით საკუთარი მოქალაქეები!", - წერს გამსახურდია.

ტელეწამყვანი ვახო სანაია კი მიიჩნევს, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები იმ ილუზიის შექმნას ემსახურება, თითქოს საქართველოში აზრთა სხვადასხვაობაა საგარეო კურსთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ სვლას აფერხებს.

იხილეთ ფოტოგალერეა: რუსეთის მხარდამჭერი აქცია პუშკინის სკვერში

იხილეთ: რატომ ტარდება პრორუსული აქციები?! - ვახო სანაია პასუხისმგებელ პირებს აკრიტიკებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს